რეკომენდაციები დისტანციური სწავლების პროგრამის დროს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების შესახებ
1. რა არის თქვენი რეკომენდაცია დისტანციური სწავლების პროგრამის დროს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებასთან დაკავშირებით?
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ Chat GPT და სხვა დიდი ენობრივი მოდელები ძლიერი ინსტრუმენტებია, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად დაგვეხმარონ დროის დაზოგვაში, ტექსტის შექმნასა ან/და რედაქტირებაში.
თუმცა, დისტანციური სწავლების პროგრამა შეიქმნა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს პრაქტიკოსებს აზროვნებისა და საკუთარი უნარების განვითარებაში, რათა შეძლონ შშმ ბავშვებისთვის მუსიკის როლის მკაფიოდ ჩამოყალიბება (ისევე, როგორც პრაქტიკული უნარების განვითარება მუსიკის თავიანთ საქმიანობაში გამოსაყენებლად). საკუთარი ლექსიკის და ტერმინოლოგიის განვითარება უმნიშვნელოვანიესია იმისათვის, რომ თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ მშობლებსა და კოლეგებთან თქვენი საქმიანობისა და პროფესიული მიდგომების ახსნისას.. ეს ასევე აღრმავებს თქვენს გაგებას იმ გავლენის შესახებ, რაც მუსიკას შეუძლია ჰქონდეს, იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც ამჩნევთ ბავშვებში, და ზრდის თქვენს თავდაჯერებულობას იმ როლში, რომელსაც ამ პროცესის ხელშეწყობაში ასრულებთ. ეს არის პროცესი, რომელსაც იწყებთ წერილობითი დავალებებით და რომელიც რეალურად ვითარდება პრაქტიკული დავალებების დროს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებაზე დაყრდნობამ შესაძლოა შეამციროს ამ პროცესის ეფექტურობა და დააკნინოს თქვენთვის ამ სასწავლო შესაძლებლობის ღირებულება. გთხოვთ, წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული სექციები დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ განიხილავს კურსის გუნდი დისტანციური სწავლების პროგრამის დროს AI-ის გამოყენებას ან გამოყენების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევებს.
2. მე გამოვიყენე AI წერილობით დავალებაზე მუშაობისას. რა უნდა გავაკეთო?
თუ წერილობით დავალებაზე მუშაობისას რაიმე ფორმით იყენებთ AI-ს (მაგ. სიტყვების რაოდენობის კონტროლის ან ტექსტის სტრუქტურირებისა და ორგანიზების მიზნით) დავალების ბოლოს აუცილებლად უნდა დაურთოთ განცხადება, სადაც მიუთითებთ, თუ რა გამოიყენეთ, რატომ დაგჭირდათ ეს და როგორ დაგეხმარათ. გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მოცემული სახელმძღვანელო ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ რა ითვლება AI-ის მისაღებ გამოყენებად და რა ითვლება მიუღებელ გამოყენებად.
3. როგორ შეიძლება იმოქმედოს AI-ის გამოყენებამ ჩემს შეფასებაზე ?
AI-ის მისაღები, დეკლარირებული გამოყენება
თქვენი დავალება შეფასდება ჩვეულებრივ რეჟიმში, თუ დაკმაყოფილებულია ორივე ქვემოთ მოცემული პირობა:
- დავალების ბოლოს ურთავთ განცხადებას, სადაც განმარტავთ, თუ რომელი AI გამოიყენეთ, რატომ დაგჭირდათ და როგორ დაგეხმარათ, და
- თქვენს შემფასებელს შეუძლია გაიაზროს AI-გამოყენების მიზანი და არ მიიჩნია, რომ მისმა გამოყენებამ დაამახინჯა ან სათანადოდ არ ასახა თქვენი დავალების გააზრების მტკიცებულება.
AI-ის მიუღებელი, დეკლარირებული გამოყენება
თუ თქვენი შემფასებელი ჩათვლის, რომ AI-ის დეკლარირებულმა გამოყენებამ ხელი შეუშალა იმ სფეროებში თქვენი თავდაჯერებულობისა თუ კომპეტენციის შეფასებას, რომლებიც დავალებაში მოწმდება, გთხოვენ დავალების ხელახლა შესრულებას AI-ის გამოყენების გარეშე. განმეორებით წარდგენილი დავალება, რომელიც უკეთესად წარმოაჩენს თქვენს თავდაჯერებულობასა და კომპეტენციას, შეფასდება, თუმცა თქვენი ქულა შეიზღუდება მინიმალური გამსვლელი ქულით (pass mark).
განმეორებითი წარდგენა
თუ განმეორებით წარდგენილი დავალების შემდეგაც შემფასებელს დასჭირდება დამატებითი ინფორმაცია თქვენი თავდაჯერებულობისა თუ კომპეტენციის შესაფასებლად, მოგიწვევენ გასაუბრებაზე დავალების განსახილველად, რათა შეფასდეს სახელმძღვანელოდან და დავალებიდან მიღებული ცოდნა/გააზრება. თქვენი დავალება შეფასდება, თუმცა ქულა შეიზღუდება მინიმალური გამსვლელი ქულით და გაგაფრთხილებენ, რომ მომავალში რომელიმე წერილობითი დავალების არადეკლარირებული AI-ით ან AI-ის გამოყენების ეჭვით წარდგენის შემთხვევაში, დაკარგავთ ადგილს კურსზე.
AI-ის არადეკლარირებული გამოყენება
თუ წარადგენთ წერილობით დავალებას, რომელიც შემფასებელში გააჩენს ეჭვს AI-ის შესაძლო გამოყენებაზე და დავალების ბოლოს არ გექნებათ დართული განცხადება (სადაც განმარტავდით, რა გამოიყენეთ, რატომ და როგორ დაგეხმარათ), შესაძლოა გადავწყვიტოთ თქვენი მოწვევა გასაუბრებაზე დავალების განსახილველად, რათა შევაფასოთ თქვენი ცოდნა/გააზრება. ასეთ შემთხვევებში, თქვენი დავალება შეფასდება, თუმცა ქულა შეიზღუდება მინიმალური გამსვლელი ქულით და გაგაფრთხილებენ, რომ მეორე წერილობითი დავალების არადეკლარირებული AI-ით ან AI-ის გამოყენების ეჭვით წარდგენის შემთხვევაში, დაკარგავთ ადგილს კურსზე.
AI-ის დაუშვებელი გამოყენების მეორე შემთხვევა
თუ წარადგენთ მეორე წერილობით დავალებას, რომელიც შემფასებელში გააჩენს ეჭვს AI-ის არადეკლარირებულ გამოყენებაზე, თქვენ დაკარგავთ ადგილს კურსზე. თუ კურსზე თქვენი ადგილი დაფინანსებული იყო დამსაქმებლის მიერ, კურსის გუნდს შეუძლია დაუკავშირდეს თქვენს განაცხადის ფორმაში მითითებულ მენეჯერს, რათა განუმარტოს კურსიდან გარიცხვის მიზეზი.
4. შემიძლია თუ არა გამოვიყენო AI პრაქტიკული დავალების დოკუმენტაციის მომზადებისას?
არა. აბსოლუტურად მიუღებელია AI-ის გამოყენება, როდესაც წერთ სერვისის მომხმარებლებზე, სესიის მონაწილეებზე, თქვენი მუსიკალური სესიების აქტივობებზე ან მსჯელობთ საკუთარ პრაქტიკაზე. პრაქტიკული დავალების დოკუმენტაციაში AI-ის ნებისმიერი დეკლარირებული ან სავარაუდო გამოყენება გამოიწვევს თქვენს დაუყოვნებლივ გარიცხვას კურსიდან. ასეთ შემთხვევაში მოგეცემათ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ დაასრულოთ მუსიკალური სესიები მონაწილე ბავშვებთან პასუხისმგებლობის დაცვით. თუ კურსზე თქვენი ადგილი დაფინანსებული იყო დამსაქმებლის მიერ, კურსის გუნდს შეუძლია დაუკავშირდეს თქვენს განაცხადის ფორმაში მითითებულ მენეჯერს, რათა განუმარტოს კურსიდან თქვენი გარიცხვის მიზეზი და ის, თუ რა რეკომენდაცია მოგეცათ ბავშვებთან მუსიკალური სესიების დასასრულებლად.